"ხეები რომ დარგეთ რუსთავში და გახმა, პასუხისმგებელი ვინაა?" [photo]

2021-07-19 16:58:57

"ეს ხეები რომ დარგეთ რუსთავში და გახმა, პასუხისმგებელი ვინაა? ვისაც მიაბარეთ მოსავლელად, ვინც შეიძინა, თუ ვინ გადაწყვიტა, რომ არჩევნების წინ ზაფხულში უნდა დარგულიყო.

ეს ნერგები ცოტა ფული არ ჯდება და ამაში ხალხის ფული იხარჯება. თბილისში ყველგან რატომ გაიხარა და აქ თითქმის ყველა რატომ გახმა? ამოთხარეთ მაინც, გული არ გიწუხდებათ, წყალში გადაყრილ ბიუჯეტს რომ ხედავთ",- აღნიშნული პოსტი მოქალაქე ირმა გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში რუსთავის ერთ-ერთ ღია ჯგუფში განათავსა, სადაც საუბრობს, რომ რუსთავის ცენტრალურ გზაზე შუაგამყოფ ზოლებზე დარგული ხე-მცენარეების ნაწილმა ვერ გაიხარა და გახმა.

საერთო ჯამში საუბარია 70-მდე ხე-მცენარეზე.

საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავსი" სერვისცენტრს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ხეებს სავეგეტაციო პერიოდი, გარემოსთან შეგუების და ადაპტაციის დრო აქვთ და შემოდგომისთვის გამხმარი ხეების ჩანაცვლება მოხდება.

"ქალაქში ნერგების დარგვა და შემდგომი მოვლა-პატრონობა ააიპ რუსთავსერვის ცენტრის მიერ რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.

ააიპის მიერ დეკორატიული ნერგების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით მოხდა, ხოლო ხე-მცენარეების დარგვა გაზაფხულზე ეტაპობრივად განხორციელდა.

ნებისმიერ ნერგს აქვს სავეგეტაციო პერიოდი, ასევე გარემოსთან შეგუების და ადაპტაციის დრო. იმ შემთხვევაში, თუ ყველა დარგული მცენარე ვერ გაიხარებს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს ვალდებულება, ჩაანაცვლოს გამხმარი დეკორატიული ნერგები უსასყიდლოდ, არასავეგეტაციო პერიოდში, რაც უახლოეს დღეებში მოხდება.

რუსთავსერვის ცენტრი მუდმივ რეჟიმში აკვირდება და უწევს მოვლა-პატრონობას ამ ნერგებს, რწყავს, უვლის, ასუფთავებს და ა.შ. ამავე დროს დამონტაჟდა  სარწყავი სისტემის დამატებითი ხაზი, რაც საშუალებას იძლევა, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ახალ ნარგავებს.

მცენარეების მასობრივი რგვის პროცესი რუსთავში გაზაფხულზე დაიწყო და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, ხოლო რისკები იქნება გათვლილი და მინიმუმამდე დაყვანილი",- აცხადებენ რუსთავსერვის ცენტრში.

როგორც, სერვისცენტრის ხელმძღვანელი რევაზ გოგიძე აცხადებს, ხეებს შორის რომლებსაც ფოთლები გაცვივდა უმეტესად მსხლის ხეებია. 

ცნობისთვის, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა თებერვლის თვეში 110 ძირ ფოტინიაზე და 260 ძირ მსხლის ხეზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 298 100 ლარი იყო.

ტენდერში შპს "ჯეაპეიზაჟგეორგიამ" გაიმარჯვა და მუნიციპალიტეტს საერთო ჯამში ეტაპობრივად 238 480 ლარად 260 ძირი მსხლის ხე, თითოს ფასი 665 ლარი, და 110 ფოტინია, თითოს ფასი 400 ლარი, მიაწოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები