"ვითამაშოთ ეზოში" [photo]

2021-07-04 23:31:38

"ვითამაშოთ ეზოში",- ამ ლოზუნგით რუსთავში ქუჩის კალათბურთის ტურნირი გაიმართა.

პროექტი, რომლის ორგანიზატორიც რუსთაველი კალათბურთელი აკაკი დვალიშვილი და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს სპორტული კომიტეტი იყო, მიზნად ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას ისახავს.

"ამ პროექტის სახელია ვითამაშოთ ეზოში, რაც ემსახურება ახალგაზრდა თაობის ქუჩაში გამოსვლასა და სპორტში ჩართვას. პანდემიის გამო ვიცით, რომ ბავშვები ვერ გამოდიოდნენ გარეთ, ჩაკეტილები იყვნენ და მიეჯაჭვნენ კომპიუტერებსა და ტელეფონებს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ უკეთესობისკენ რეალური ურთიერთობებით",- განუცხადა "ინფო რუსთავს" აკაკი დვალიშვილმა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 15 გუნდიდან 8 გუნდი შეირჩა, რომელთა შორისაც ჩატარებული შეხვედრებით ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

სწორედ დღეს გაიმართა ნახევარფინალები და ფინალური თამაში.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს"გურამის არწივები" და "ტრიო მანდილი" შეხვდნენ, ხოლო მეორე ნახევარფინალი "ჯეთსკსა" და "სეტყვას" შორის გაიმართა.

ტურნირში პირველი ადგილის მოპოვება "როიალ ფიტნესმა" (გურამის არწივებმა) შეძლო, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილები "მჯ ფიტნესმა" და "რუსთავის სიონმა" გადაინაწილეს.

საპრიზო ადგილებზე გასულ ჯგუფებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები. გარდა ამისა, მხარდამჭერი კომპანიებისგან სხვადასხვა სახის სასაჩუქრე ვაუჩერები. გამარჯვებული გუნდების გარდა, დასახელდა სხვადასხვა კატეგორიის ფავორიტი კალათბურთელი, რომლებმაც ასევე მიიღეს სიმბოლური პრიზები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები