ვინ არიან გარდაბნის ტბაში გარდაცვლილი მოზარდები [video]

2021-06-24 19:41:28

გარდაბანში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდები 14 წლის ალიშა სამედოვი და 17 წლის თურა ორუჯოვი არიან. [ვიდეო/video]

ერთ-ერთი ვერსიით, 17 წლის ბიჭი ტბაში საბანაოდ ჩასული 14 წლის მოზარდის გადასარჩენად შევიდა, თუმცა უკან გამოსვლა ვერცერთმა მათგანმა ვეღარ მოახერხა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოზარდები საბანაოდ ბიძის თანხლებით წავიდნენ, თუმცა მამაკაცი გარკვეული დროით მაღაზიაში გავიდა, ადგილზე დაბრუნების შემდეგ კი, არასრულწლოვნები გაუჩინარებული დახვდა.

გაუჩინარებულ მოზარდებს თბოელექტროსადგურთან არსებულ ხელოვნურად მოწყობილ ტბაში მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ტბის ნაპირზე დატოვებული იყო მათი პირადი ნივთები - ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

საძიებო სამუშაოებში მყვინთავები იყვნენ ჩართულები. ასევე, ბაშვების ძებნა მიმდინარეობდა ნავითაც.

მაშველებმა ტბიდან ჯერ გარდაცვლილი 17 წლის მოზარდი, შემდეგ კი 14 წლის ბიჭი ამოასვენეს.

ადგილობრივების თქმით, ტბის სიღრმე, დაახლოებით, 10 მეტრია. აღსანიშნავია, რომ ხელოვნურად მოწყობილ ტბაში ბანაობა აკრძალულია, თუმცა ამის მისანიშნებლად მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, დაზიანებული აბრაა განთავსებული და სხვა მხრივ ამის გაკონტროლება არ ხდება.

როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ტერიტორია კერძო საკუთრებაა და უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელი არაა.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები