რუსთავის მერია ბავშვიან ოჯახებს, რომლებიც უკიდურესად მძიმე საბინაო პირობების გამო ოჯახიდან ბავშვის გაყვანის საფრთხის წინაშე დგანან, საბინაო პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
აღნიშნულ პროგრამას რუსთავის საკრებულოს სხდომაზე კენჭი უყარეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, ნინო ნოკოლავამ განუცხადა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამისთვის 17 000 ლარი გამოიყოფა და საჭიროების შემთხვევაში თანხის გაზრდის შესაძლებლობაც არსებობს.
"აღნიშნული პროგრამისთვის 17 000 ლარია განსაზღვრული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. პროგრამა მოიცავს უკიდურესად მძიმე საბინაო პირობებში ბავშვიანი ოჯახების დახმარებას, რომელთაც აქვთ ბავშვის გაყვანის რისკი. ეს არის პრევენციული ღონისძიება მუნიციპალიტეტის მხრიდან, რომ არ მოხდეს ბავშვისა და ოჯახის დაშორება. ასევე შეეხება იმ ოჯახებს სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე, რომელთაც რეინტეგრირებულები არიან და ოჯახში უნდა გაუმჯობესდეს საბინაო პირობები. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძირითადად მოიცავს კარ-ფანჯრის შეცვლას, სველი წერტილების მოწყობას და სხვა მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებას, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მოიცავს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ნინო ნიკოლავამ.
ნიკოლავას თქმით, აღნიშნული პრობლემის მქონე პირებმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ.