დარჩებიან თუ არა ბაღების გარეთ რუსთავში ბავშვები

2021-06-20 11:42:57

რუსთავის ბაგა-ბაღებში საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა, სააღმზრდელო დაწესებულებებში ვერ მოხვდნენ ისეთი ბავშვები, რომელთა მშობლებმაც რეგისტრაციისას მხოლოდ ერთ ბაღზე გააკეთეს მოთხოვნა, თუმცა, ხუციშვილის თქმითვე, ვაკანტური ადგილები დაწესებულებებში საკმარისადაა და სექტემბერში ასეთი ბავშვების დაკმაყოფილებაც მოხდება.

"ბაღს გარეთ დარჩენილები არიან ისეთი ბავშვები, რომელთა მშობლებსაც კონკრეტულად ერთი ბაღი ჰქონდათ მონიშნული და იმ ბაღში ვერ მოხვდნენ. გვაქვს იმის საშუალება, მობრძანდნენ სექტემბერში და ჩავრიცხავთ განცხადების საფუძველზე. ადგილი გვაქვს საკმარისზე მეტი", - აცხადებს ეკა ხუციშვილი.

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, რეგისტრაციის შედეგები ასეთია:

2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში - ვაკანტური ადგილი იყო 1005, რეგისტრაცია გაიარა 984-მა ბავშვმა;

3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში - ვაკანტური ადგილი იყო 609, დარეგისტრირდა 396 ბავშვი;

4-5 წლიანი ასაკობრივ ჯგუფში - იყო 122 ვაკანტური ადგილი, რეგისტრაცია ვერ გაიარა 10-მა აღსაზრდელმა;

5-6 წლიანი ასაკობრივი ჯგუფი - იყო 36 ვაკანტური ადგილი, რომელიც შეივსო სრულად.

რაც შეეხება 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში დარჩენილ 10 ბავშვს, ხუციშვილის თქმით, ისინი ბაღებში განცხადების საფუძველზე, სექტემბრის თვეში ჩაირიცხებიან.

"დავაკმაყოფილებთ იმ 10 ბავშვსაც, რადგანაც გვაქვს საშუალება რომ ჯგუფში თითო ბავშვით მეტი ჩავრიცხოთ", - აცხადებს ხუციშვილი. 

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ამჯერადაც ყველაზე მაღალი მოთხოვნა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებზე იყო.

"ყველაზე მოთხოვნადია ის ბაღები, რომელსაც ცოტა ჯგუფები აქვს. მოთხოვნა არის ძალიან დიდი მარცხენა სანაპიროს ბაღებზე, ესენია: #1, #8, #6 და #21 სააღმზრდელო დაწესებულებები", - აცხადებს ხუციშვილი.

ჩარიცხული ბავშვების წარმომადგენლებმა საბუთები ფილიალებში უნდა წარადგინონ 21 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები