რას ჰპირდება გახარია რუსთაველებს

2021-06-21 12:45:22

ქალაქ რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით თბილისთან - ეს ერთ-ერთი პუნქტია გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის “საქართველოსთვის” პროგრამულ ხედვაში, რომელიც 3 ძირითად მიმართულებას ეფუძნება: 1. განვითარება 2. დემოკრატია 3. უსაფრთხოება.

როგორც ყოფილი პრემიერის პარტიის პროგრამაში წერია, განხორციელდება მასშტაბური პროექტები თითოეულ რეგიონში, მათ შორის თვითმმართველ ქალაქებში, ესენია:

„-თბილისის მეტროს გაფართოების პროექტი დიდი დიღმის, ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით;

- ქალაქ რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით თბილისთან და რუსთავი-თბილისის აგლომერაციის შექმნა;

- ბათუმში პორტისა და აეროპორტის კონცეფციის ცვლილება; ქალაქის ურბანული განვითარებიდან აქცენტის ეკოლოგიურად სუფთა ტურიზმის განვითარებაზე გადატანა, ქობულეთი-ბათუმი-გონიოს მრავალფუნქციური ტურისტული აგლომერაციის ჩამოყალიბება;

- ქუთაისში აეროპორტის გარშემო მსხვილი, რეგიონალური მნიშვნელობის საწარმოო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე, ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე მართლმსაჯულების საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნება და სხვა.

- ფოთში საერთაშორისო მნიშვნელობის ლოჯისტიკური ჰაბის ჩამოყალიბება და ფოთის აეროპორტის განვითარება სატვირთო გადაზიდვებისთვის“.

ყოფილი პრემიერის პარტიამ "საქართველოსთვის" პროგრამული ხედვა უკვე წარადგინა. მასში აღნიშნულია, რომ პროგრამული ხედვის მთავარი მიზანი არის ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც მიიღწევა პროცესში საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობით, რისთვისაც აუცილებელი წინაპირობებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არსებულ საჭიროებებზე მორგებული სოციალური დაცვისა და განათლების სისტემა, ქვეყნის დეოკუპაცია, დემოკრატიული განვითარების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის რეალური დღის წესრიგით მოქმედება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები