რუსთავში, ქუჩაში ახალგაზრდა კაცს სცემეს [photo]

2021-06-10 23:20:18

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ერთ-ერთი აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც სცემეს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გამვლელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მალევე მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

"სახეში ურტყამდა წიხლებს", - უყვება ერთ-ერთი თვითმხილველი "ინფო რუსთავს".

როგორც მან საინფორმაციო სააგენტოს უამბო, გამვლელთა ნაწილი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც.

მისივე ინფორმაციით, 30 წლამდე კაცი, ასევე ახალგაზრდა მამაკაცს, ფიზიკურად დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში უსწორდებოდა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

"რომ გაიგო პოლიციას იძახებდნენ, ტაქსით გაიქცა", - იხსენებს საინფორმაციო სააგენტოსთან თვითმხილველი.

26 წლის ნაცემი ახალგაზრდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების სამსახურის მორიგე ექიმმა, გიორგი მოდებაძემ განუცხადა, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

"პაციენტი შემოიყვანეს ალკოჰოლური თრობის ქვეშ. უტარდება კვლევები და ალკოჰოლური დეზინტოქსიკაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მიყენებული აქვს დაზიანებები სახის არეში. სავარაუდოდ, ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი, მაგრამ რადგან ალკოჰოლური თრობის ქვეშ არის, სანამ დეზინტოქსიკაცია არ მოხდება, დამატებით კვლევებს ვერ ვუტარებთ", - განაცხადა გიორგი მოდებაძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები