რატომ გაათავისუფლეს ირმა მესხი თანამდებობიდან

2021-06-07 23:23:54

"მერის მოადგილეობა არის პოლიტიკური თანამდებობა და მივიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება",- ასე უპასუხა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავის" კითხვას, თუ რის საფუძველზე მოხდა ირმა მესხის მერის მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლება.

ირმა მესხი, რომელიც რუსთავის მერის მოადგილე 2020 წლის თებერვლიდან იყო, რამდენიმე 3 კვირის წინ გაათავისუფლეს. მესხი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები უცნობი და მოულოდნელი იყო.

"პირადი განცხადების საფუძველზე არ ვარ წასული, მერის გადაწყვეტილებით წავედი დაკავებული თანამდებობიდან. ჩემთვის უცნობია მიზეზი, რის გამო მიიღო ეს გადაწტყვეტილება ქალაქის მერმა. ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი გადაწვეტილება",- აცხადებს მესხი.

მესხის თქმით, მასსა და ირაკლი ტაბაღუას სამუშაო პროცესში არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, რაც უჩენს ეჭვს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მართული პროცესია. რის საპასუხოდაც ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ მესხის გათავისუფლება მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და დამატებით მიზეზებზე არ საუბრობს.

"მერი იღებს გადაწყვეტილებას მოადგილის დანიშვნაზე და განთავისუფლებაზე. მისი არჩევა კონკურსის წესით არ ხდება და საჯარო სამართლის სუბიექტში საჯარო მოხელის კანონმდებლობა არ არეგულირებს ამას, შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულ იქნა.

გათავისუფლების მიზეზები ბრძანებაში არ იწერება.  მთელი ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში ჩემი მისამართით ბევრი ბრალდება გაჟღერებულა. ალბათ ყველა ბრალდებაზე პასუხი რომ გავცე მომინდება 6 წელი. მაგრამ კომპეტენციიდან გამომდინარე და იმ დაკვირვებიდან, რა პროცესებიც მუნიციპალიტეტში ჩემი მოღვაწეობის პერიოდში მიმდინარეობს რაღაც კითხვის ნიშნები ჩნდება, რასაც მაქსიმალურად ვპასუხობ",- აცხადებს ტაბაღუა.

მესხის თქმით, მისი გათავისუფლება საფუძველს მოკლებულია, რის გამოც სასამართლოში დავის დაწყებასაც აპირებს.

"აუცილებლად ვაპირებ დავას სასამართლოში, იმიტომ რომ ვფიქრობ, ჩემი გათავისუფლება არის საფუძველს მოკლებული", - განაცხადა მესხმა.

ცნობისთვის, ირმა მესხი მერის მოადგილეობის თანამდებობაზე დავით იშხნელმა ჩაანაცვლა.