იგეგმება თუ არა კოვიდვაქცინით ბავშვების აცრა

2021-05-31 15:23:28

ამირან გამყრელიძემ განმარტა, იგეგმება თუ არა საქართველოში ბავშვების კოვიდვაქცინით აცრა ქვეყანაში Pfizer-ის ახალი დოზების შემოსვლის შემდეგ. ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 12 წლის ზემოთ აცრები უკვე დაიწყეს აშშ-მა, კანადამ და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

„უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბავშვთა აცრები აუცილებელი იქნება პანდემიის სრულად დასრულებისთვის. იმიტომ, რომ ისინი თუ ინფიცირდებიან, საბედნიეროდ, იოლად გადააქვთ დაავადება, მაგრამ ამავე დროს არიან სერიოზული გამავრცელებლები. ამიტომ, ეს მიმართულება ემხრობა სწორედ იმ შეხედულებას, რომ ბავშვები უნდა აიცრან. მეორე შეხედულებაა, რომ თუ მოზრდილებში სერიოზულად დაგროვდა კუმულაციური იმუნიტეტი, მაშინ შეიძლება თავი შევიკავოთ ბავშვთა აცრებისგან, სანამ უფრო მეტი მტკიცებულება არ დაგროვდება ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. სანამ ჩვენ Pfizer-ის ადმინისტრირებას დავიწყებთ, ამ მხრივ მეტი მტკიცებულება იქნება. იცით, რომ ჩვენ მივყვებით დიდი ინსტიტუციების რეკომენდაციებს, როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები და ბრიტანეთისა და ევროპის მარეგულირებლები და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი ვაქცინების სამეცნიერო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მოგვიანებით. წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა მე ჩემი წინასწარი მოსაზრება მაქვს, რომელსაც ახლა ეთერში ვერ გავაჟღერებ“, - განაცხადა გამყრელიძემ.