ამირან გამყრელიძის განმარტება

2021-05-28 13:03:20

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დადასტურებასთან დაკავშირებით, რეგულაციების გამკაცრებას ამ ეტაპზე არ ელოდება.

"ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით არამგონია, რეგულაციები გამკაცრდეს. ეს იქნება მსჯელობის საგანი საკოორდინაციო საბჭოზე, მაგრამ რეგულაციების გამკაცრებას ამ ეტაპზე არ ველოდებით" , - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა, 3 კი უცხოელი. ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულებს შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.