რუსთავის კომისარიატის შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება

2021-05-21 16:42:53

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენობა-ნაგებობას დემონტაჟი ჩაუტარდება და მის ადგილზე 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია რუსთავის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

როგორც სხდომის მომხსენებელმა, მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა პაპუაშვილმა განაცხადა, ძირითადი საკითხი, რაც სხდომაზე განიხილეს, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის სართულიანობის მომატება იყო.

"არქიტექტურის სამსახურმა წარადგინა კომისარიატის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი, მრავალერთეულიანი საცხოვრებელი კომპლექსის განთავსების თაობაზე შემუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმა. დღეს იყო საბოლოო ვერსიის დამტკიცება. აქ იყო კ-2 ვერსიის მომატებაზე, ანუ სართულიანობის მომატებაზე საუბარი. საუბარი გვაქვს, დაახლოებით, 10-11 სართულიანი საცხოვრებელ კორპუსის აშენებაზე", - განაცხადა ეკა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ინვესტორს წარმოდგენილი აქვს დენდროლოგიური პროექტიც.

"ინვესტორს წარმოდგენილი აქვს დენდროლოგიური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიაზე 223 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარის დარგვას, ასევე ყველა შენობის შიგნით გათვალისწინებულია პარკინგი,“ - განაცხადა არქიტექტურის სამსახურის უფროსმა.

ეკა პაპუაშვილის ინფორმაციითვე, ინვესტორის მიერ, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისთვის მეგობორბის გამზირე, არქივის გვერდით, ახალი შენობა უნდა აშენდეს.

შეგახსენებთ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენობა-ნაგებობა და მიწა, რომელზეც აღნიშნული შენობა-ნაგებობაა განთავსებული, აუქციონის წესით, 451 000 ლარად გასხვისდა.

მიწისა და შენობა-ნაგებობის შეძენის სანაცვლოდ მყიდველმა 453 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და გარკვეული სახის ვალდებულებებიც შეასრულოს. კერძოდ, ინვესტორმა 1 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე, უნდა ააშენოს ორ სართულიანი შენობა-ნაგებობა და კეთილმოაწყოს იმ მიზნით, რომ აღნიშნულ შენობაში შემდგომში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა იფუნქციონიროს. რაც შეეხება ტერიტორიას, რომელიც გასხვისდა, ამ ტერიტორიაზე ინვესტორმა 5 წლის განმავლობაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა ააშენოს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები