საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს

2021-05-18 18:05:29

საქართველოს საელჩო საბერძნეთში გლიკა ნერაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს,  ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 20 წლის გოგოს მკვლელობისთვის ბრალი საქართველოს მოქალაქეს წარედგინა, სიცრუეა.

"ბოლო დღეებში, როგორც ბერძნული, ისე ქართული მას-მედიის საშუალებებით, ვრცელდება დაუსაბუთებელი ინფორმაცია  გლიკა ნერაში 20 წლის ქალის მკვლელობის საქმეში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობაზე. ამ არაზუსტმა ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია.

ეს დღეები საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ატიკის პოლიციის გენერალურ დეპარტამენტთან. მათ მიერ საელჩოსთვის დღეს მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ახლახანს დააკავეს ყალბი საბუთით ქვეყნის ტერიტორიის დატოვების მცდელობისას, გლიკა ნერაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი არა აქვს წაყენებული.

მოვუწოდებთ ყველას, საკითხის განსაკუთრებული სენსიტიურობიდან გამომდინარე, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან",- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.