ისრაელში ქართველი დაშავდა

2021-05-12 12:53:05

ისრაელში, ქალაქ ხულონში, პალესტინური რაკეტის მოძრავ ავტობუსზე დაცემის შედეგად ახალგაზრდა ქართველი ქალი დაშავდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ისრაელში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა განუცხადა, დაჭრილი 40 წლამდე ქალია.

როგორც წყარო საინფორმაციო სააგენტოს უყვება, დაშავებული კლინიკაში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.  

საინფორმაციო სააგენტო კომენტარისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ქართველის დაშავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უწყება ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, ისრაელში, ქალაქ ხულონში პალესტინური რაკეტა მოძრავ ავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ავტობუსის რამდენიმე მგზავრი, შედარებით მძიმედ კი, მძღოლი. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები