"ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი" [video]

2021-05-11 23:15:19

საქართველოს საელჩო ისრაელის ქალაქებში: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ-ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანიაში მცხოვრებლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს, კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან. დაბეჯითებით გაფრთხილებით, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები.

შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს:

0526919092 დავით ჩაჩავა

0528888513 მიხეილ ბაბლუანი

0548620270 ნინო ჩანტლაძე

ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ WhatsApp ან Viber აპლიკაციები.

შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ". – წერია საელჩოს განცხადებაში.

შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება. ღაზას ტერიტორიიდან ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ცენტრალური ისრაელის მიმართულებით 130-მდე რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის სისტემამ რკინის გუმბათებმა მათი უმეტესი ნაწილის მოგერიება შეძლეს, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც გაეპარათ.

ტვიტერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი რაკეტა მოძრავ ავტობუს დაეცა.

დროებით დახურულია თელა-ავივის ცენტრალური აეროპორტი. ჰამასი მისი ბადომბვითაც იმუქრება. ხოლო ისრაელი ღაზაში მცხოვრებლებს მოსალოდნელი სამხედრო დარტყმების შესახებ აფრთხილებს, რომელიც საცხოვრებელ სახლებზე განხორციელდება. სწორედ ამ შენობებზეა განლაგებული ჰამასის სარაკეტო გამშვებები.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები და დაპირისპირება პალესტინელ მოსახლეობასა და ებრალ პოლიციას შორის. რის შემდეგაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჰამასმა ისრაელს ულტიმატუმი წაუყენა, რომ ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები გაეყვანა. 

ულტიმატუმი ისრაელმა არ შეასრულა და მდგომარეობა გამწვავდა, რის შემდეგაც ორმხრივი სარაკეტო თავდასხმები დაიწყო. შეტაკებებს პალესტინელების მხრიდან 28, ხოლო ებრაელების მხრიდან 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები