ზაფხული ის პერიოდია, როცა არდადეგებისა და შვებულების გამოყენებას ყველა მაქსიმალურად ცდილობს. საინტერესოა, სად გავარიდოთ ბავშვები ქალაქის სიცხეს, მტვერსა და ხმაურს, სად დავასვენოთ, რომ მათთვის ეს სასარგებლოც იყოს და სასიამოვნოც. აღნიშნულ თემაზე პედიატრი რუსუდან ჭელიძე საუბრობს.
- ყველა ცდილობს ბავშვი ზაფხულის სიცხესა და უჰაერობას გაარიდოს, მაგრამ თუ ის ჯერ ძალზე პატარაა, დასაშვებია თუ არა მისთვის კლიმატის შეცვლა?
- ზაფხულში ჰაერის გამოცვლა სწორედ ჩვილისთვის არის საჭირო. მშობლებს აშინებთ პატარას ქალაქიდან მოშორებულ კურორტზე წაყვანა და უპირატესობას თბილისის შემოგარენს ანიჭებენ. არც ეს არის ურიგო გამოსავალი, რადგან თბილისი მთის კლიმატური კურორტებით არის გარშემორტყმული. ასეთი კურორტების ღირსება ტერიტორიის გაშლილობა, მცენარეთა სიუხვე, ჰაერის ზომიერი ტენიანობა და მუდმივი მოძრაობაა.
წყნეთი - თბილისთან ყველაზე ახლოს, სულ 10 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 800-1000 მეტრზე მდებარეობს.
კოჯორი - თბილისიდან 18 კილომეტრზე, ხოლო ზღვის დონიდან 1300 მეტრზეა. აქ შესანიშნავი მთის ჰავაა, რომელიც განსაკუთრებით უხდებათ ბავშვებს. კოჯორში დასვენებას ვურჩევთ იმ პატარებს, რომლებსაც აქვთ ბრონქოადენიტი, ლიმფადენიტი, ბრონქული ასთმა, ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი, ჰიპოქრომული ანემია, რაქიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნერვული სისტემის ფუქნციური მოშლილობა.
კიკეთი - თბილისიდან 27კმ-შია, კოჯრიდან 9კმ-ის მოშორებით, ზღვის დონიდან კი 1000მ-ზე. მისი მშრალი ჰავა განსაკუთრებით ბავშვისთვის არის სასარგებლო.
მანგლისი - თბილისიდან 64კმ-ზე (კოჯრის გავლით) ზღვის დონიდან 1200 მეტრზეა. მისი სამკურნალო ფაქტორი მთისა და წიწვოვანი ტყის ჰავაა, რომელიც ასევე ძალზე სასარგებლოა პატარებისათვის.
- იმუნიტეტის გასაძლიერებლად პედიატრები მშობლებს მთიან კურორტებს ურჩევენ. რომელია საუკეთესო მცირე ასაკის ბავშვებისთვის და რატომ?
- მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგია დაბალი მთის კურორტები, სადაც ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის. ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს და არც შეგუებას (აკლიმატიზაციას) ართულებს.
ასეთია - ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე, ზვარე.
დაბალი მთის კურორტების უმრავლესობა შერეული ტიპისაა - აქ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან ერთად არის მინერალური წყლებიც.
ცემი, ბაკურიანი, წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან) საშუალო მთის კურორტებია. მათ გარს არტყია ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ და ულამაზეს ლანდშაფტს ქმნიან. ჰაერი აქ სუფთა და გამჭვირვალეა. დღე-ღამის ტემპერატურა ზომიერად ცვალებადია, მზის რადიაცია - ინტენსიური და ხანგრძლივია. მზე ზაფხულობით თითქმის ორჯერ მეტხანს ასხივებს, ვიდრე ზამთარში. სამაგიეროდ, ზამთრობით ჰაერი ნაკლებად შეიცავს ორთქლს.
საშულო მთის კლიმატი უხდება ფილტვის ტუბერკულოზს, ბრონქულ ასთმას (მსუბუქ ფორმას) და სხვა ალერგიულ დაავადებებს.
მაღალი მთის კურორტების ჰავა ორგანიზმის გასაკაჟებლად საუკეთესოა. საქართველოში მაღალი მთის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია - ბახმარო. ის ზღვასთან ახლოსაა, ამიტომ მისი ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვი კარგად იტანს. აქ მკურნალობენ ქრონიკულ ბრონქულ ასთმას, ანემიას. განსაკუთრებით კარგია ბახმაროში დასვენება ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის გადატანის შემდეგ.
ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან, ავადმყოფობენ და ზოგადად იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული, საუკეთესოა მთის კლიმატური კურორტები.
ზღვის კურორტებზე სამკურნალო ეფექტი აქვს მზეს, მარილიან წყალს და მაგნიტურ ქვიშას. ასეთი ადგილი საქართველოს სანაპირო ზოლზე ურეკია.
ურეკის სამკურნალო მაგნიტური ქვიშა XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები შესანიშნავ სამკურნალო ეფექტს იძლევა ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების დროს.
ქვიშა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, თანაბრად გადასცემს მას სხეულს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგად უმჯობესდება ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების კვება. ამავე დროს მექანიკური მასაჟის მსგავს ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე, ქვიშის თბილ აბაზანებს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს.
- როგორ გამოვიყენოთ მაგნიტური ქვიშა სამკურნალოდ?
- უპირველესად, ქვიშა უნდა იყოს სუფთა - ხშირად სანაპიროს თვით დამსვენებლები აბინძურებენ საკვების ნარჩენებით. მათ ეხვევა უამრავი მწერი, რომელთა ნაკბენიც პატარებისთვის სახიფათოა.
ქვიშას სიბინძურე რომ მოვაშოროთ, სასურველია გავრეცხოთ. დილით ადრე გააკეთეთ ორმო გაცრილ ქვიშაში, 11-12 საათისთვის, როცა მზე გაათბობს ქვიშას, ბავშვი ორმოში ჩასვით და ზედ გამთბარი ქვიშა დააყარეთ, გარდა თავისა, ღია დაუტოვეთ კისერი, გულმკერდი. მზემ რომ არ დაჰკრას, უმჯობესია პროცედურა ქოლგის ჩრდილში ჩაატაროთ. პროცედურის ხანგრძლივობა 1 წუთიდან იწყება და თანდათანობით 5-15 წუთამდე იზრდება. პროცედურის შემდეგ ბავშვს ქვიშა ჩამოუბერტყეთ სხეულიდან და ჩრდილში დააწვინეთ. მერე კი შეგიძლიათ თბილი წყალი გადაავლოთ. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანას მოითხოვს.
- მკურნალობის ეფექტიანობისთვის კურორტზე რამდენი დღის გატარებაა აუცილებელი?
- სასურველია, მთის კურორტზე ერთი თვე მაინც დარჩეთ. ასევე მეტი ეფექტურობისთვის, გირჩევთ, ზედიზედ 3-4 წელი, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც, ერთსა და იმავე კურორტზე დაასვენოთ ბავშვი.
- როგორ ვლინდება ბავშვებში ჰავასთან შეგუების პროცესი - ე.წ. აკლიმატიზაცია? შეიძლება თუ არა მისი შემსუბუქება?
- ის სხვადასხვაგვარად ვლინდება, თუმცა ძირითადი ნიშნები ერთნაირია:
სუბფებრილური სიცხე (37-37.5 გრადუსი);
ჭირვეულობა;
მოუსვენრობა;
უმადობა;
უძილობა.
მშობლები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.
აკლიმატიზაციის გასაადვილებლად, გირჩევთ, კურორტზე თვეზე ნაკლები ხანი არ დაჰყოთ, არცთუ იშვიათად მშობლები ცდილობენ, შვებულება მაქსიმალურად გამოიყენონ და რამდენიმე ადგილს ესტუმრონ: 10 დღით - მთას, 10 დღით - ზღვას და ასე შემდეგ. ასეთ მოკლე დროში ორ განსხვავებულ კლიმატურ ზონაში დასვენება გაუმართლებელია - ბავშვის ორგანიზმი ერთ ადგილთან შეგუებას ვერ ასწრებს, რომ გამგზავრება უწევს და მეორე ადგილთან შეგუება უხდება. ამგვარად, მთელი თვე შეგუების პროცესში გაივლის და ორგანიზმი დასვენების ნაცვლად სტრესს განიცდის.
გარდა ამისა, ხშირად ბავშვებს მგზავრობაც ძნელად გადააქვთ - აწუხებთ პირღებინების შეგრძნება, გულისრევა და დისკომფორტი მუცლის არეში. ამ უსიამოვნებას თავიდან ააცილებთ, თუ წინასწარ, გამგზავრებამდე 30-45 წუთით ადრე, დაალევინებთ დრამინას, დოპროკინს ან მათ მსგავს სხვა პრეპარატს, რომელსაც პედიატრი გირჩევთ.
- სამგზავრო თადარიგს დედა საოჯახო აფთიაქის მოწესრიგებით იწყებს. რას ურჩევთ, რომელი მედიკამენტები იქონიონ თან?
- განურჩევლად იმისა, მთაში მიგყავთ ბავშვი თუ ზღვაზე, გახსოვდეთ ოქროს წესი - ნუ დაკარგავთ ზომიერების გრძნობას, პატარა თანდათან შეაგუეთ მზეს, ზღვას, ჰაერის ტემპერატურის ცვლილებას. გაითვალისწინეთ, რომ მაღალმთიან კურორტებზე დღისით და ღამით ტემპერატურული სხვაობა საგრძნობია, ამიტომ ბავშვს დილით, შუადღისას და საღამოს შესაბამისად ჩააცვით.
სასურველია, კურორტზე გამგზავრებამდე თქვენი შვილის პირად ექიმს გაესაუბროთ, რათა შეიტყოთ, რამდენად სწორად გაქვთ შერჩეული დასასვენებელი ადგილი. გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა წასაღები მედიკამენტების თაობაზე.