განათლების სამინისტროს განმარტება

2021-03-04 17:44:01

დაშვებულია თუ არა პანდემიის პირობებში სასკოლო ექსკურსიების მოწყობა? - აღნიშნული საკითხი სკოლებში სასწავლო წლის დასრულების მოახლოებასთან ერთად უფრო აქტუალური ხდება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ექსკურსიებთან დაკავშირებით სკოლებს რეკომენდაციები გადაგზავნილი აქვთ.

ექსკურსიები ოფიციალურად აკრძალული არ არის, თუმცა უწყების თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული აქტივობა მიზანშეწონილი არაა.

„სკოლებს მიეცა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სკოლის/მშობლების მიერ დაორგანიზდეს და განხორციელდეს მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობები არაფორმალურ გარემოში, აღნიშნული აქტივობების განხორციელებისას ეპიდემიის გავრცელების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვის სირთულიდან გამომდინარე“, - განგვიცხადეს განათლების სამინისტროში.