"ბუნებრივი აირის ტარიფი მოიმატებს"

2017-07-17 14:19:38

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა - აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო. კომისიამ „სქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა. სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, „ყაზბეგი გაზისთვის“, „დუშეთი გაზისთის“ და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 1.884 თეთრი იქნება. ეს ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას „გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ტარიფები 2000 წლის შემდეგ არ დაუდგენია. დღევანდელ სხდომას "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

რაც შეეხება გაზის სამომხმარებლო ტარიფებს, ხვალინდელ სხდომაზე სემეკი შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს დაადგენს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი აუცილებლად მოიმატებს, თუმცა სხვაობა იქნება თბილისსა და რეგიონებს შორის. რადგანაც რეგიონებში მეტი ინვესტიციაა ჩადებული, შესაბამისად სამომხმარებლო ტარიფი დედაქალაქთან შედარებით მაღალი იქნება.