ვისთვის შეიძლება მოიხსნას კომენდანტის საათი

2021-04-28 15:57:39

შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნებათ გაკეთებული, კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, მისი უწყება მომავალ კვირაში აპირებს, საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდეს, რომ ვაქცინის სრული - 2 დოზის მიღების შემთხვევაში შეღავათები ჰქონდეთ.

„ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის - იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი… რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გარე სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა, ასევე, მათთვის არ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა.

RUSTAVI