"პანდემიური გზა - სცენიდან ქუჩამდე" [photo]

2021-05-30 10:49:41

"სცენიდან ქუჩამდე", - ასე შეიძლება დასათაურდეს "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული სახალისო ვიდეო, რომელშიც "გლოვოს" კურიერი, რუსთაველი ბაჩო მანჯაფარაშვილი შეკვეთიდან შეკვეთამდე, შესვენებისას ცეკვავს.

ვიდეო სოციალურ ქსელის მომხმარებლებმა მალევე აიტაცეს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ კადრებს საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

"ფეისბუქის" მომხმარებლები ვიდეოს გმირს გახალისებითვის მადლობას უხდიდნენ და ინტერნეტ სივრცეში "მეტი პოზიტივის" მნიშვნელობაზე საუბრობდნენ.

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა, თქვენთვის მოეყოლა ვიდეოს მთავარ გმირზე, რუსთაველ მოცეკვავეზე, რომლის ცხოვრებაც პანდემიამ რადიკალურად შეცვალა.

კადრებში, რომლითაც საზოგადოებამ ის გაიცნო, ორი პროფესიის შერწყმა კარგად ჩანს. სცენისა და აუდიტორიის გარეშე დარჩენილი რუსთაველი ახალგაზრდა ცდილობს, საყვარელი საქმე არ დაივიწყოს და გაიფერადოს ყოფა, რომელიც პანდემიამ მას ასე დაუმძიმა .

ცხოვრების 30 წლიდან უმეტესი ნაწილი ბაჩო მანჯაფარაშვილმა ცეკვას მიუძღვნა. 13 წელია სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" მსახიობ-მოცეკვავეა, ამასთანავე, ქორეოგრაფად მუშაობს ანსამბლ "ხალიბში", სადაც მომავალ თაობას დაუღალავად აზიარებს ცეკვის ხელოვნებას.

"გლოვოში" მუშაობა პანდემიიდან გამომდინარე დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქმიანობის შეწყვეტა სრულად მოუხდა, არცერთი წუთით არ დაუკარგავს იმედი, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს ძალიან მალე დაუბრუნდება.

ახალგაზრდა მოცეკვავე "ინფო რუსთავთან" ვიდეოს გადაღების სახალისო ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ ეს იყო პანდემიის დროს ხელოვანი ადამიანების მდგომარეობის ნათელი წარმოჩინება.

"ვიდეოს გადაღების იდეა ძალიან სპონტანურად მომივიდა, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ჩემი მეგობარი და კოლეგა თორნიკე კასრაძე არის ხმის რეჟისორი, ასევე ფლობს მუსიკალურ საკრავებს. შეკვეთის დასრულებისას, როდესაც დავბრუნდი ობიექტზე, ახალი შეკვეთის მოლოდინში, თორნიკე "განდაგანას" უკრავდა ჩონგურზე და მონატრებულზე მეც ამაცეკვა, მეორე კოლეგამ, ბექა დევიძემ გადაგვიღო.

მე ვფიქრობ, ეს იყო პანდემიის პირობებში, ხელოვანი ხალხის მდგომარეობის წარმოჩენა. გამიხარდა, რომ ვიდეოს დადებითი ემოციები მოყვა, ხალხის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, გავახალისეთ და თვითონაც კარგად გვახალისეს.

გლოვოში" მუშაობა პანდემიიდან გამომდინარე დავიწყე, რადგან მოგვიწია საქმიანობის შეწყვეტა, თუმცა ჩემი ხასიათიდან, ცხოვრების აქტიური სტილიდან გამომდინარე, არ გამჭირვებია ახალი პროფესიის ათვისება.

ცეკვა ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. დიდი იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რითმს", - უყვება ბაჩო მანჯაფარაშვილი "ინფო რუსთავს".

ჩვენთან საუბარს კი ახალგაზრდა მოცეკვავე ასეთი სიტყვებით ასრულებს: "ბოლოს ვიტყოდი, რომ შრომა არასდროსაა დასაძრახი. მეტი პოზიტივი, სიკეთე და სიყვარული, მეგობრებო ..."

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები