"მშობლებო, იფრთხილეთ!"

2021-04-27 16:57:44

რუსთავში, ქუჩაში სკოლის მოსწავლე გაძარცვეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოზარდმა, 15 წლის ბიჭმა 11 წლის ბიჭს, რომელიც თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, ტელეფონზე დარეკვა სთხოვა, მოგვიანებიტ კი ტელეფონთან ერთად ადგილიდან მიიმალა.

როგორც ბიჭის დედა საინფორმაციო სააგენტოს უყვება, ბავშვს ტელეფონი 3-მა ახალგაზრდა მამაკაცმა დღის საათებში გასტაცა.

"სამი ბიჭი იყო, 18-დან 22 წლამდე. ამ 3 პირიდან ერთ-ერთი მივიდა ჩემს შვილთან და სთხოვა, თუ შეგიძლია დამარეკინე ტელეფონზეო, დაიბნა ბავშვი, დაგარეკინებო და თან უთხრა ნომერი მიკარნახეო. ამ ბიჭს ამოუღია თავისი ტელეფონი, უკარნახია ნომერი, ჩემს შვილსავე აუკრეფავს და მიუწოდებია. ამასობაში ამ ბიჭმა მეორეს, რომელიც  სამიდან მოშორებით იდგა, უთხრა, მოდი, შენ დაელაპარაკეო და ამ მიწოდება-მიწოდებაში, ჩემს შვილს რომ დაშორდნენ რამდენიმე ნაბიჯით, მოწყდნენ ადგილიდან და გაიქცნენ. ბავშვი გაკიდებია ტირილით, დამიბრუნეთ ტელეფონი, გეხვეწებითო, ამათ კიდევ დაუძახიათ "მადლობა, ჯიგარი ხარ, ძმაოო", - უყვება "ინფო რუსთავს" 11 წლის ბიჭის დედა.

როგორც ბავშვის დედა აცხადებს, სკოლის მოსწავლე ძალიან შეშინებულია. ის სხვა მშობლებს აფრთხილებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

"ბავშვი იმდენად დაისტრესა, სულ ჰგონია, უთვალთვალებენ. ძალიან შეეშინდა, ძალიან.

გამოჩნდნენ და მოინანიონ ეს ყველაფერი, თორემ განა ტელეფონზეა საქმე. უბრალოდ, ვიფიქრე, გავესაუბრებოდით, რომ ბავშვმაც იგრძნოს თავი უსაფრთხოდ. მერე ავუხსნიდი, დედა ვნახეთ, დაველაპარაკეთ და აღარავინ აღარ დაგემუქრებათქო. ჰგონია, რომ ყველგან დახვდებიან, დაელოდებიან და მოძებნიან.

ჩემი მიზანია, მშობლები გაფრთხილდნენ. ფაქტია, რომ მოხდა. შეიძლება, კიდევ განმეორდეს. ხომ შესაძლებელია, დაარტყან ან რაღაც მოხდეს ისეთი, რამაც უფრო ლეტალური შედეგები გამოიწვიოს", - უყვება "ინფო რუსთავს" ბავშვის დედა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით პირი, რომელმაც მოზარდს მობილური მოტყუებით გამოართვა და შემდეგ გაიქცა უკვე დაკავებულია. 15 წლის ბიჭი აღიარებს დანაშაულს და პოლიციამ მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად სავარაუდოდ უკვე ამოიღო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები