"6 დღეა ლუკმა არ უჭამია, დასარჩენი არ აქვს" [video]

2021-04-24 00:07:07

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ინცინდენტი მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი, ა.ბ. ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა.

თვითმხილველების თქმით, კაცი თვითმკვლელობით იმუქრებოდა, შემდეგ კი გონება დაკარგა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს ახალგაზრდის ნათესავი, ს.გ. უყვება, ა.ბ. რუსთავის 26-ე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაობზე იყო დასაქმებული და დამქირავებელმა კომპანიამ მას კუთვნილი 2 750 ლარი არ გადაუხადა.

მისივე ინფორმაციით, ა.ბ. რუსთავში სამუშაოდ საინგილოდან ჩამოვიდა და მას უსახსრობამ ბევრი პრობლემა შეუქმნა.

"წინდები აღარ აქვს, დასარჩენი აღარ აქვს, 6 დღეა ლუკმა არ უჭამია. თავს მოვიკლავ, თუ ხვალ ფულს არ მომეცემენო. 2 დღის წინ თვითმკვლელობაც უცდია, წამლები დალია და კლინიკაში მოხვდა", - უყვება ს.გ. "ინფო რუსთავს".

26-ე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "სეისმომედეგობა +" ახორციელებს. საინფორმაციო სააგენტო კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდა.

როგორც კომპნიის წარმომადგენელმა, ი.ბ-მ "ინფო რუსთავს" უთხრა, მათ თანხა სწორედ ა.ბ-ს ნათესავს, ს.გ-ს გადაუხადეს, რომელსაც ხელფასი სხვებისთვისაც უნდა გაენაწილებინა.

"ტყუილია, რომ თანხა არ გადავუხადეთ. ა.ბ. მოიყვანა სხვა მუშამ, ს.გ-მ და სწორედ მას გადავუხადეთ ფული, რომელიც უნდა მიეცა სხვებისთვისაც. ს.გ. იძახდა, ყველა თანხა მე მომეცით, მე გავუნაწილებ მაგათ, ჩემი მოყვანილები არიანო და ვაძლევდით მას. ა.ბ მაგან გააფრთხილა, ჩვენზე ხელი დაედო. ნაცვლად მადლობისა, გვიჩივლეს. გავიგეთ, რომ ბევრი ვალები აქვს ა.ბ-ს. გვითხრეს, მეტი გამოსავალი არ აქვს ახლა მაგას, პოლიციაში მივიდა, რომ თქვენ გადმოგაწერონ ეს ვალებიო", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ახალგაზრდა კაცს, რომელიც მეგობრობის გამზირზე თვითმკვლელობით იმუქრებოდა, ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები