პედიატრ თემურ მიქელაძის თქმით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ასაკობრივმა ზღვარმა დაიწია და ის თინეიჯერებში და მოზარდებში სულ უფრო მეტად გვხვდება. ამის მიზეზად პედიატრი ბავშვებში ეკრანდამოკიდებულებასა და გაჯეტების გადაჭარბებულად მოხმარებას ასახელებს.
კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც პედიატრი საუბრობს და რამაც მისი თქმით შეიძლება სისუსტე და ქრონიკული გადაღლის სინდრომი გამოიწვიოს, ასაკისთვის შეუფერებელი დატვირთვაა – როგორიცაა ბევრ სხვადასხვა წრესა და საგნის რეპეტიტორებთან სიარული.
„ბავშვების სისუსტე არ ეხება მხოლოდ ეკრანდამოკიდებულებას, ბავშვები სხვადასხვა წრეებზე დადიან ან მასწავლებლებთან. სკოლას დაამთავრებს გახანგრძლივებულით 4 საათზე, შემდეგ არის სიტყვაზე კიდევ 4 სხვადასხვა წრე – ინგლისური, მათემატიკა, ისტორია და ა.შ. ანუ დატვირთული რეჟიმი. არ შეიძლება მე-5, მე-6 და თუნდაც მე-7 კლასელი ბავშვი ასე დავტვირთოთ. ჩვენ მივიღებთ გამოფიტვას, რაც დაუკავშირდება საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლილობას და მივიღებთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. თუ ეს ადრე იყო 18 წლის ზემოთ ასაკში, უკვე ჩამოვიდა ქვევით და თინეიჯერებშიც ხშირად გვხვდება. ჩვენც შეიძლება გამოვფიტოთ ბავშვი ამ ზედმეტი მეცადინეობით ან თვითონ ეკრანდამოკიდებულებით გადაიღალონ ბავშვები“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში.