სეზონური ალერგია

2021-04-19 14:49:33

ქავილი, სიწითლე, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, სურდო - ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სეზონურ ალერგიას ახასიათებს.  გაზაფხული ალერგიული ადამიანებისთვის განსაკუთრებით სახიფათო, უსიამოვნო სიურპრიზების პერიოდია. მცენარეთა მტვერი ზოგში  - მსუბუქ, ზოგში კი სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მათ ისღა დარჩენიათ, მოთმინება მოიკრიბონ და დაელოდონ დროს, როცა ყვავილობა დასრულდება და პრობლემებიც გაივლის. მოდი, ერთად გავიგოთ, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს ალერგიის სეზონური გამწვავებისას.

რას წარმოადგენს სეზონური ალერგია?

სეზონური ალერგია - ეს ალერგიული რეაქციაა, რომელიც წლის განსაზღვრულ პერიოდში იჩენს თავს. ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც ბანალური კონიუნქტივიტითა თურინიტით, ისე სეზონური, მოყვავილე მცენარეთა მტვერზე განვითარებული ბრონქული ასთმით. სეზონური ალერგიის გამომწვევებია ხეების, ბალახების, რთულყვავილებიანი მცენარეების მტვერი და ზოგიერთი სოკოს სპორები. ამ პერიოდში ალერგიულ ადამიანს ღამღამობით ხშირად აღვიძებს მოხრჩობის შეგრძნება; აწუხებს სუნთქვასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რომელიც ნორმალურად დაძინებაში უშლის ხელს. რამდენიმე ასეთი ღამე და ძილის დარღვევისგამო იმატებს ნევროზულობა, გაღიზიანება. ორი-სამი ღამის უძილობა ნებისმიერ ადამიანში ისტერიკასა და ჰიპერაქტივობას იწვევს.

სეზონური ალერგიის ეტაპები

სეზონური ალერგია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ის შესაძლოა გამოიხატოს როგორც მსუბუქად, ისე საშუალოდ და მძიმედაც. თუ ალერგიულ პროცესს თვითდინებაზე მივუშვებთ, - და პაციენტების დიდი ნაწილი ასეც იქცევა, - გამორიცხული არ არის, განვითარდეს საშიში რეაქცია ბრონქოსპაზმის ან ბრონქული ასთმის შეტევის სახით.

“ტანჯვის პერიოდი”

“ტანჯვის პერიოდი” აპრილის დასაწყისიდან მაისის ან, შესაძლოა, ივნისის ბოლომდე გრძელდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყება და დასრულდება მცენარეთა ყვავილობა, თუმცა ზოგიერთს ის შესაძლოა გაცილებით  მეტხანს - შემოდგომამდეც კი გაუგრძელდეს.

სად ჯობს ცხოვრება?

ამ ტიპის ალერგიის მქონეთათვის ტყისპირა რაიონებში ან ისეთ ადგილებში ცხოვრება, სადაც მრავლად ხარობენ მოყვავილე მცენარეები, რეკომენდებული არ არის. თუ ოჯახური, სამსახურებრივი და ფინანსური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, კარგი იქნება, მცენარეთაA ყვავილობის ამ სახიფათო პერიოდის დასრულებამდე ნაკლებად უსაფრთხო ადგილზე გადახვიდეთ საცხოვრებლად.

ალერგიაზე მოქმედი ფაქტორები

ალერგიულ რეაქციათა გაძლიერება-შესუსტებაზე გავლენას ზოგიერთი  გარეგანი ფაქტორიც ახდენს. ყველაზე ხშირად ეს მეტეოფაქტორებია - წვიმიან ამინდში მტვერი ილექება და ჰაერში მისი კონცენტრაცია საგრძნობლად იკლებს, ქარიან ამინდში კი კონცენტრაცია იმატებს და ეს დიდხანს გრძელდება. ამის კვალობაზე, სეზონური ალერგიის დროს რეკომენდებულია ქუჩაში გასვლა წვიმის შემდეგ, ქარიან ამინდში კი, უმჯობესია, სეირნობისგან თავი შეიკავოთ. შენობაში მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ყოველთვის დაბალია, ამიტომაც  ალერგიული ადამიანები დახურულ შენობებში თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ.

სეზონური ტანჯვის მიზეზებიპოლინოზი
პოლინოზი მიმდინარეობით ძალიან წააგავს ბანალურ გაციებას. ჩვეულებრივ, ამ პერიოდში ალერგიულ ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ხარისხით გამოხატული სურდო, ქავილი, ცრემლდენა, ზოგჯერ - ხველა, ყელში ფხაჭნის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება. პოლინოზით ავადმყოფობენ როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები.  მას აშკარად გამოხატული სეზონურობა ახასიათებს. ამ კატეგორიის ადამიანებს არცთუ იშვიათად უვითარდებათ ე.წ. ჯვარედინი კვებითი ალერგია ხილზე, ბოსტნეულზე, კენკრაზე, ამიტომ მცენარეთა ყვავილობისას ალერგიულმა ადამიანებმა უმჯობესია ამოიღონ რაციონიდან თხილი, ვაშლი, განსაკუთრებით - მისი წითელი ჯიშები, სტაფილო, ფირთოხალი. სასურველია შეიზღუდოს მზესუმზირა, მაიონეზი, მდოგვი, ჰალვა.

ფოტოდერმატოზი

ესეც ალერგიული რეაქციაა, რომელიც მზის სხივებისადმი ზემგრძნობიარე ადამიანებს უვითარდებათ. მას სხვადასხვა ტიპის გამონაყარი ახასიათებს. განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას, მათ შორის - ფოტოალერგიულ რეაქციებს. დაავადების ტიპური გამოხატულებაა დერმატიტი - მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას კანზე გაჩენილი გამონაყარი და კანის ზოგიერთ უბანზე - ხანგრძლივი დეპიგმენტაცია, ფერშეცვლილი უბნები. გამწვავების პერიოდში  ფოტოდერმატოზი შესაძლოა გამოიწვიოს ჩვეულმა კოსმეტიკურმა საშუალებებმაც, განსაკუთრებით ისეთებმა, რომლებიც ფოტოტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს.