რუსთაველი მსახიობი "ინფო რუსთავთან" ბრალდებებს პასუხობს

2021-04-16 00:11:35

რუსთაველ მსახიობთან, ბესო ზანგურთან "ინფო რუსთავმა" ინტერვიუ ჩაწერა.

ზანგურმა საინფოირმაციო სააგენტოსთან ყოფილი ცოლის, მსახიობისა და ტელეწამყვანის ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს დეტალურად უპასუხა.

ბესო ზანგურმა ინტერვიუში ყოფილ ცოლზე ძალაობის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ადგილი სიტყვიერ კამათსაც არ ჰქონია. თუმცა, მისივე თქმით, ტყუილის გამო მეუღლესთან განქორწინებას გეგმავდა.

"ინფო რუსთავი" ინტერვიუს სრულ ვერსიას გთავაზობთ:

- ადასტურებთ თუ არა ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს?

- არა და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემი გენეტიკით, აღზრდით, ცხოვრებით, ვარ მუდამ ძალადობის წინააღმდეგი. ვგმობ ყველანირ ძალადობას, თუნდაც იმ ბულინგს, რაც ჩემს წინააღმდეგ ხდება. ხალხს არ აქვს მოსმენილი ჩემი მხარე. მე მყავს მეუღლე უსაყვარლესი და შვილები. ამ შვილებში 2 გოგონაა და მე ვიქნები მუდამ პირველი, ვინც დაგმობს ძალადობას. ნოდარიკო ზანგურს არ ჰყავს არც მოძალადე მამა და არც მატყუარა დედიკო, მას ორივე ღირსეული მშობელი ჰყავს. სულ ესაა.

- რა მოხდა იმ კონკრეტულ ღამეს, რომელსაც იხსენებდა ნინუცა, რატომ წავიდა ის სახლიდან?

- დღემდე არ ვიცი რატომ წავიდა. ალბათ იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა... მე რეპეტიციაზე წავედი, ის სახლიდან.

- მეუღლეზე ეჭვიანობდით?

- არ ვარ ეჭვიანი კაცი, ზომიერად კი ,მაგრამ ჩემი ოჯახი არაა ცემა-ტყეპის მომხრე.

- რა გახდა იმ ღამით კამათის მიზეზი?

- არა, არ გვიკამათია. გიხსნით, მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. დავიძინე, გავიღვიძე და წავედი რეპეტიციაზე, რომ მოვალ ვილაპარაკოთ მეთქი, მოვედი და აღარ დამხვდა. მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი.

- ანუ ამბობთ, რომ იმ ღამით, როცა დაბრუნდით გასტროლიდან, დაიძინეთ და დილით, როცა გაიღვიძეთ, წასული დაგხვდათ?

- არა, დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ.

- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მოგატყუათ?

- გასტროლიდან ვრეკავდი და მეუბნებოდა, რომ სახლში იყო ჩემი თვეების შვილთან ერთად. აეროპორტში მეგობარი შემხვდა და მითხრა, ზღვაზე ვნახეო, გავოცდი, ხომ გეუბნებით, ვუთხარი, რატომ მომატყუე ასეთი რამ, მოვალ და ვილპარაკოთ მეთქი. წავედი მე რეპეტიციაზე და ის წავიდა სახლში. ვიცი, რომ მძიმე ადამიანი ვარ, მაგრამ ცემა? დარტყმა? ეს არის ის, რაც არ არსებობს ბუნებაში.

- უბრალოდ სიტყვიერი კამათი იყო?

- არა, ვიმეორებ კოცნით გამაცილა, ძალით ხომ არ მეცა და მაკოცა. არ მჯერა, რომ ნინუცამ მისცა ეს ინტერვიუ.

- რაც სახლიდან წავიდა, მას შემდეგ კონტაქტი არ გქონიათ?

- არა და როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი გადაყლაპეს მაყაშვილებმა?

- თვითონ ნინუცა ეჭვიანობდა თქვენზე?

- არა, არ რის ეჭვიანი, ძალიან კარგი გოგოა და უკარგესი ადამიანი, ჰუმანური, კეთილი, ამ ყველაფერთან ერთად ლამაზი და ნიჭიერი, უნიჭიერესი მსახიობია! ის ჩემი საყვარელი შვილის, ნოდარიკოს დედაა.

- თქვენი კოლეგების ნაწილი ძალადობაში გადანაშაულებთ, რა პასუხი გაქვთ?

- რომელი კოლეგები? ეგ არ არის კოლეგიალობა, მე მაგათთვის არც კოლეგა ვარ და არც მეგობარი, არავინ არიან ისინი ჩემთვის.

- სხვა შემთხვევაში, რა მიზანი უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს?

- მიზანი ერთია, ორადორი ადამიანი - ჯუხარაშვილი და თუთა არ არის რუსთაველის თეატრი. რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუაა და სტურუას პასუხი მოისმინეთ. მიზანი მე არ ვარ, არც მათი, არც ფარულავას გადაცემის, მიზანია რუსთაველის თეატრის დარტყმა, ბულინგი. კოლეგა როგორ შეიძლება ვუწოდო ადამიანს, რიმელიც სპექტაკლზე არ გამოცხადდება და ნაციონალური მოძრაობის აქციაზეა.

- მაშინ, რატომ მოხსნა თეატრმა სპექტაკლი?

- ჩემს გამო ნამდვილად არა.

შეგახსენებთ, მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა გადაცემა "ფარულ კონვერტში" განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.