მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის ორგანიზებით “ევროპის მოედანზე” შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით საპატრიარქოსკენ დაიძრნენ.
როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ამით სურთ მადლობა გადაუხადონ პატრიარქს.
მომღერალმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი თქმით, ილია II-ზე შეტევა ხორციელდება.
„ყელა ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე და ყველაფერ წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია. ხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე, ეკლესიასა და ყველაფერზე. სწორედ უწმინდესში ერთიანდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ასე ძლიერად ებრძვიან მას. ის ყოველთვის მუხლებზე დგას და ლოცულობს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რწმენისთვის და 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მოედანზე გადმოფინეს ბანერიც, წარწერით “დიდი მადლობა ყველაფრისთვის პატრიარქს”.
გია გაჩეჩილაძემ სიტყვით გამოსვლისას წაიკითხა ლექსიც.
საპატრიარქოდან შეკრებილები “დედაენის ბაღში” “საქართველოს მარადისობის დღის” დასაფუძნებლად გადაინაცვლებენ.
გია გაჩეჩილაძის თქმით, ყველაზე მეტად ახლა ჩვენს ქვეყანაში დასაცავია “მამული, ენა და სარწმუნოება”.
აღსანიშნავია, რომ შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები მედიის მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.