პაატა იმნაძე: ჩვენი მტერი არის სუფრები

2021-04-08 17:52:56

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს ეპიდვითარების მტერი ქართული ტრადიციული ქეიფი და სუფრებია, რის გამოც ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები მატულობს.

ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აღდგომასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს შეეხებოდა.

„თუ არ გვინდა შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები ანუ თავი შევიკავოთ სოციალური ღონისძიებებისგან... ყველა ეპიდაფეთქება, ყველა კლასტერი, რაც ქვეყანაში გვაქვს, ქეიფების შედეგია, გარდა ოჯახური შემთხვევებისა. სამწუხაროდ, ეს როგორც ჭირის სუფრების, ასევე ქორწილების შედეგია. გასაგებია, რომ პირბადით სუფრასთან ვერ ვისხდებით, ამიტომ ჩვენი მტერი არის სუფრები“, - განაცხადა იმნაძემ.