სასამართლომ ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურება 125%-ით განსაზღვრა - შესაბამისი, უპრეცედენტო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა საქმეზე, სადაც ზ.ჩ. და გ.ჯ. შპს “ჩირინას” ზეგანაკვეთურად ნამუშევარ საათებსა და მათი ანაზღაურების ოდენობაზე, ასევე სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაზე ედავებოდნენ.
სააპელაციო პალატამ ბათილად მიიჩნია შრომითი ხელშეკრულების დებულება, რომელიც ითვალისწინებდა დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურებას უსამართლო და არაგონივრული ოდენობით, საათობრივი ანაზღაურების 1,01%-ით და ზეგანაკვეთურის ტარიფი 1,25%-ის ოდენობით თავად განსაზღვრა.
სასამართლომ მოპასუხე კომპანიას დააკისრა მოსარჩელეების მიერ 3 წლის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურება (ზ.ჩ-ს მიმართ 3864,00 საათის, ხოლო გ.ჯ-ს მიმართ 2312,00 საათის), ბათილად ცნო სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება, აღადგინა ზ.ჩ. გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე და დაევალა კომპანიას მისცეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე ყოველთვიურად მისაღები ხელფასის ოდენობით.
დასაქმებულების ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.