რა თანხა გაიცა 2020 წელს თანამდებობის პირებზე

2021-04-07 12:14:27

2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ჯილდოს, დანამატისა და პრემიის სახით ჯამში 65 920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი - 56 370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის , - შესაბამისი კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა.

მათივე ცნობით, პანდემიის ფონზე, ჯილდო და დანამატი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების ზვიად ჭუნაშვილისა და კახაბერ კობერიძის გარდა, არც ერთ სხვა რწმუნებულსა და თანამდებობის პირს არ აუღია.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჭუნაშვილმა ჯილდოსა და დანამატის სახით ჯამში 10 050 ლარი მიიღო, კობერიძემ კი დანამატის სახით - 4 000 ლარი.

ფაქტთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას დაუკავშირდა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჭუნაშვილთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და პირველმა მოადგილემ დანამატის სახით არა 10 050, არამედ 6 250 ლარი აიღო. 

"მოგახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებზე და ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეებზე, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის დანამატები, აღნიშნულ პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების სრული დაცვით,  ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაიცა.

გარდა ამისა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ზვიად ჭუნაშვილის 2020 წლის თანამდებობრივი სარგოს-დანამატის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს - ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დანამატის ოდენობა განსაზღვრულია 10 050 ლარით, რეალურად კი აღნიშნული, ჯამში შეადგენს 6 250 ლარს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია არ გაუციათ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში. 4 400 ლარი გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში, 3 650 იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 3 500 ლარი.

კვლევის მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 4 297 151 ლარი გაიცა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები