რა შემთხვევაში და რა შეზღუდვები ამოქმედდება წინასააღდგომოდ

2021-04-06 13:47:24

"ჯერჯერობით ვსაუბრობთ იმაზე, რომ უკვე დაწესებული ზომების აღსრულების პროცესი გამკაცრდეს მაგრამ, თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე და მომდევნო კვირაში დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება.

"ამ კვირის განმავლობაში და მომდევნო კვირა მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის ზომები, რაც არის დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს. შემდეგ ბუნებრივია, მოგვიწევს ისევ ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე საუბარი რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც ლოკალიზაციის მიზნით, რომ რომელიმე დასახლებულ პუნქტში მოხდეს გარკვეული ლოკალური შეზღუდვების დაწესება, მობილობის შეზღუდვის სახით - აქ მგზავრობის შეზღუდვაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი მკაფიო ცხელი წერტილები გარდა ერთეული კერებისა, ამ დროისთვის ცნობილი არ არის", - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება საჭირო გახდება მაშინ, როცა ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გასცდება.

“მობილობის შეზღუდვის მექანიზმები, რომელიც არსებობს და რასაც ჩვენ ვიყენებთ და იყენებს ყველა სხვა ქვეყანაც, ცნობილია. ამის აუცილებლობა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ არ დგას, მაგრამ თუკი გაუარესდა სურათი, რა თქმა უნდა, შესაძლოა მოგვიხდეს ისევ დავუბრუნდეთ იმ მექანიზმებს, რომლებიც აქამდე იყო გამოყენებული. ბოლო ორი კვირაა 1,94%-ია დადებითობის მაჩვენებელი ანუ უახლოვდება 2%-ს და 2%-ს როცა გადასცდება ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ვიფიქროთ უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებზე”, - აცხადებს გაბუნიამ.