ჩინეთის მთავრობის საჩუქარი საქართველოს

2021-04-05 11:06:03

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს.

„სინოფარმი“ გარდა ჩინეთისა, ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ის სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანას აქვს ნაყიდი - ბრაზილია, ჩილე იყენებს, ევროპის ქვეყნებიდან - უნგრეთი, სერბეთი და მას 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს. ასე რომ, ის არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული, ანუ ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა. მოგეხსენებათ, ჩინეთს დღეს 5-მდე ვაქცინა აქვს, აქედან საერთაშორისო მასშტაბით ორი - „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ გამოიყენება. ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყნებში, მხედველობში მაქვს - თურქეთი, სადაც უკვე დაახლოებით, 15 მილიონი დოზა გამოიყენეს, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოზაა გამოყენებული აზერბაიჯანში. ეს ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიაციაზე, რომელსაც ისინი დიდი ალბათობით, აპრილის შუა რიცხვებში მიიღებენ. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, ჩვენი ვაქცინების მარაგი თანდათანობით ქვეყანაში ფართოვდება. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული მასმედიაზე, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას და რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტოვობა, რადგან სხვა იარაღი დღეს ეპიდემიის დამთავრების, ქვეყანაში არ არის. ერთადერთი გზა მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადის. თუ წელს, ჩვენ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენი გეგმით მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ჩინეთის ელჩის, ლი იენის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინას „ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს“.

როგორც ელჩმა ბრიფინგზე განაცხადა, მსოფლიოში ამ ვაქცინის უკვე 100 მლნ დოზაა გამოყენებული და სერიოზული გვერდით ეფექტები არ გამოვლენილა.

„სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული, სანდო და ვირუსის ინაქტივირების მეთოდითაა დამზადებული, ამიტომ მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს. დაახლოებით 100 მლნ დოზაა ამ ვაქცინის გამოყენებული და რამე სერიოზული გევრდით ეფექტები არ მოჰყოლია, ამიტომ ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მიერაა აღიარებული“,- განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ „სინოფარმის“ წარმოებულმა ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება ვერ მიიღოს, ლი იენი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ როგორც „სინოფარმის“, ასევე „სინოვაკის“ ვაქცინები ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მიმართულებით მოთხოვნებს აკმაყოფილებს.