თბილისის 120-ე სკოლა ამავე სკოლის მოსწავლის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მშობლებსა და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს:
“თავზარდამცემი ამბავი, რომლის დაჯერება ყველას გაუჭირდა, ყველას, ვინც იცნობდა სიცოცხლითა და ხალისით სავსე ბიჭს, სანდრო ბერიტაშვილს, რომელმაც დაგვიტოვა დიდი ტკივილი და ამოუცნობი სევდა, სევდა ნაადრევად გაფრენილ სიცოცხლის.
სანდრო, ვინ იცის, რამდენი ფიქრი და ოცნება გქონდა, რატომ გამოაკლდი შენს თანატოლებს?
დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ შენს ოჯახსა და ახლობლებს. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები უძლურია იმ დიდი მწუხარების გამოსახატავად, რაც შენმა მარადისობაში გადასვლამ გამოიწვია. ყოველთვის გვემახსოვრები სანდრო!” – სამძიმრის წერილი სკოლამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ახლობლებმა ნახეს.
როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, უწყებამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.