თამარ გაბუნიას კომენტარი ლოკდაუნზე

2021-04-02 14:06:25

ამ ეტაპზე ფართო ლოკდაუნი არ იგეგმება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს.

„ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი შემთხვევების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ტესტირება. შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“ , - ნათქვამია განცხადებაში.