შრომითი მიგრაცია

2021-04-02 12:02:41

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5000 მოქალაქე შეძლებს. ამის შესახებ გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდზეა ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოჩენილი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს პირველ მოქალაქეებს უკვე 2021 წლის მაისში ელოდებიან.

მსურველებს რეგისტრაცია აღნიშნულ მისამართზე შეუძლიათ: https://workabroad.moh.gov.ge/

ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა ერთიდან სამ თვემდე; სამუშაო დრო: ხუთი-ექვსი დღე კვირაში; რვა-ათი საათი დღეში. მინიმალური ხელფასი – 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

შეგახსენებთ, რომ დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.