პოზნერმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა

2021-04-01 09:51:52

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. აირზენას ჩარტერული რეისი თბილისიდან უკვე აფრინდა.

მათ სასტუმრო “რუმსი” პოლიციის დახმარებით დატოვეს, ასევე პოლიციის დახმარებით შევიდნენ აეროპორტშიც.

რუსულ დელეგაცის ყველა ლოკაციაზე სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ და შეძახილით - რუსეთი ოკუპანტია, გააცილეს.

სამოქალაქო აქტივისტებმა მთელი ღამე იმ სასტუმროსთან გაატარეს, სადაც პოზნერი და მისი დაბადების დღის სტუმრები იყვნენ დაბინავებული.

ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ პოზნერი და მისი თანმხლები პირები დაჯარიმდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოზნერთან ერთად იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმდა მისი 31 სტუმარი.

უწყების ცნობით, დანარჩენ 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესი არ დაურღვევია.

შეგახსენებთ, პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

სამოქალაქო აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც “რუმსთან”, ისე “ვინოტელთან”, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ინფორმაციისთვის, ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".