რუს ჟურნალისტს აქციით დახვდნენ

2021-03-31 23:10:24

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი კომენდანტის საათის დროს დაბადების წინა დღეს სავახშმოდ 50 სტუმართან ერთად სასტუმრო "ვინოტელში" იმყოფება.

"ვინოტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ისინი მოითხოვენ, რომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა და მისმა სტუმრებმა დატოვონ რესტორანი და ქვეყანა.

პოლიტიკური მოძრაობის "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კანონდარღვევის შესახებ 112-ის ოპერატორს ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც "ვინოტელში" შრომის ინსპექცია მივიდა. როგორც შსს-ს წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიას განუცხადა, სასტუმრო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო დააჯარიმა.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, სასტუმროს, სადაც რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, შუქი ჩაუქრეს. ელექტრო ენერგიის ჩამრთველი მოწყობილობის ოთახთან მობილიზებულები არიან აქტივისტები და სამართალდამცავებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ, რათა ენერგიის მიწოდების აღდგენა არ მოხდეს.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტია, რომელმაც 2008 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი ვეღარასოდეს გახდება.