"გვაქვს პირველი ნიშანი, რომ შემოვკრათ განგაშის ზარს"

2021-03-31 13:18:11

გვაქვს პირველი ნიშანი იმისა, რომ შემოვკრათ განგაშის ზარს გონგი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. გამყრელიძემ დაასახელა რეგიონები, რომლებშიც მცირე ეპიდაფეთქებები ფიქსირდება.

"გუშინწინ და გუშინ ჩვენ გადავცდით 600 ზღვარს, რომელიც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. ამიტომ გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რომელიც პირველი ნიშანია, რომ შემოვკრათ განგაშის ზარს გონგი. იმიტო, რომ გვაქვს უკვე კლასტერული მცირე ეპიდაფეთქებები აჭარა ტექსტილში, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ არადა დაგვჭირდება ისევ შეზღუდვების დაწესება.

„წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა - ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც" გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმითვე, წერტილოვანი შეზღუდვები ამ სოფლების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს.