"ვისაც ხშირად აქვს გამოყენებული ფილერი, „ფაიზერის” იმუნიზაციის შემდეგ შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მან სრულად “დასერჩა” ამ თემის ირგვლივ არსებული მასალები და ვერსაც მსგავსი ინფორმაცია ვერ მოიძია.
პლასტიკური ქირურგი განმარტავს, რა არის ფილერი და როგორია მისი და კოვიდსაწინააღმდეგი ვაქცინის ურთიერთობა
კოტე მათითაშვილი: – ფილერი ეს არის, ძირითად შემთხვევაში, ჰიალურონის მჟავა ჩვენს ქვეყანაში ლეგალურად შემოტანილი პრეპარატებით. ის გამოიყენება სახის ღარების, ნაოჭების, ტუჩების შევსების მიზნით. სახის გარკვეული ზონების აუგმენტაციის ანუ მოცულობის გაზრდის მიზნით. ეს პროცედურა კეთდება 4-6 თვეში ან წელიწადში ერთხელ, სურვილისამებრ.
ჰიუალურონის მჟავა ორგანიზმისთვის ბუნებრივი ნივთიერებაა, რომლის შეყვანა, გაახალგაზრდავების, ნაოჭების გასწორების მიზნით, გარეგანი საშუალებებით ხდება, სხვადასხვა ბრენდის, სხვადასხვა დასახელების ბრენდის პრეპარატით. ქიმიური ფორმულა, ძირითად შემთხვევაში, ყველას ერთი და იგივე აქვს. ყველაზე პოპულარული ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული შემავსებლებია.
არც შემავსებლის გაკეთება არ არის უკუჩვენება ვაქცინისთვის და არც ვაქცინის გაკეთება არ არის უკუჩვენება იმისთვის, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული.
ბოლო ინფორმაცია, რომელსაც მე ვფლობ წყაროებიდან, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, არის ის, რომ ამერიკაში, დაახლოებით 16 ათასი შემთხვევიდან სამ შემთხვევაში, ისიც “მოდერნას” ვაქცინასთან მიმართებაში, გამოვლინდა ერთხელ ტუჩის ქსოვილის შეშუპება და ორჯერ სახის, რომელიც ალაგდა უმარტივესი მკურნალობით.
არც “ფაიზერზე” და არც “ასტრაზენეკაზე” კვლევაში წვდომა არ მაქვს. ამ ვაქცინებსა და ფილერს შორის რაიმე კავშირზე მსგავსი ინფორმაცია ვერსად მოვიპოვე.
მე არ ვიცი, რატომ გაკეთდა ასეთი განცხადება. სამედიცინო კვლევები ამას არსად არ წერენ. თუ ვინმეს რამე ახალი ინფორმაცია აქვს, ან “ფაიზერმა” მიაწოდათ, რომელიც ჩვენ, პლასტიკურ ქირურგებს არ გვაქვს, მაშინ უნდა დადონ ეს წყარო. გამოაქვეყნონ, რომ ამ დარგის სპეციალისტებმა ვიცოდეთ, რაზეა ლაპარაკი.
რაც მე “დავსერჩე” მსგავსი ანალოგია, ამხელა მასშტაბის არსად არ დევს.