ცვლილება სტუდენტების მობილობის წესში

2021-03-29 14:08:35

სტუდენტთა მობილობის წესში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მობილობის დროს ზოგიერთი სტუდენტისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარებას ითვალისწინებს უკვე განხორციელდა.

შიდა და გარე მობილობის შეცვლილი წესის თანახმად, თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს (ეროვნულ გამოცდებზე ავტ.) მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი ან საგნები.

eduaris.ge-ის ცნობით, მობილობაში მონაწილე ის სტუდენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ვალდებულია აკმაყოფილებდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ყველა წინაპირობას და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული საგნები.

 ერთიანი ეროვნული გამოცდებით 2020 წელს და შემდგომ ჩარიცხული სტუდენტების მობილობის თავისებურებები

“1. მობილობაში მონაწილე ის სტუდენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ვალდებულია აკმაყოფილებდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ყველა წინაპირობას და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგანი/საგნები.

2. თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს:

 ა) იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი/საგნები;

ბ) ერთზე მეტი საგანი, რომელიც შეესაბამება, დებულების დანართი №3-ით გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით განსაზღვრულ საგნების ჩამონათვალს, მობილობის მსურველს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა ჩაეთვლება დაკმაყოფილებულად ერთ-ერთი მათგანის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩასაბარებელ საგანში/საგნებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა წარმოადგენს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის დაკმაყოფილებას და მიღებული ქულა არ გაითვალისწინება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შედეგებში”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ბრძანების თანახმადვე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის ან ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების თაობაზე, ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, მართვის სისტემას ელექტრონულად მიაწოდოს იმ პირთა სკალირებული ქულა (ქულები), შესაბამისი საგნის (საგნების) მითითებით, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

შესაბამისი ცვლილება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით განხორციელდა.