ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვემო ქართლში

2021-03-26 13:30:01

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების 1-ელი პირები ესწრებოდნენ.

საბჭოს წევრებმა რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს, რომელიც უახლოეს მომავალში ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის 1-ელმა მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა განაცხადა, ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოიყოფა, რაც წალკის, ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას მოხმარდება.

"ერთ თვეში იქნება ახალი თანხები მობილიზებული საქართველოს მასშტაბით ეკონომიებიდან გამომდინარე. შევიტანეთ ცვლილება პროექტებში, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაფინანსდება. ეს პროექტებია, ე.წ. დაშბაშის კანიონზე მიმავალი გზა, სადაც ძალიან დიდი ინვესტიცია ხორციელდება. ამ გზის პროექტი უკვე შეძენილია მუნიციპალიტეტის მიერ. რაც შეეხება ბოლნისს, ბოლნისში დაემატა სკვერები, ასევე სკვერის რეაბილიტაცია ჩაჯდა წალკის მუნიციპალიტეტშიც. ამას გარდა, გარდაბანს დაემატა მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის მარტყოფის შიდა გზების რეაბილიტაცია.

ეს იქნება ცენტრალური ბიუჯეტით დაფინანსებული. თანხა, რაც ჩავამატეთ ჩვენ პროექტირებაში, მთლიანობაში არის დაახლოებით 5 000 000 ლარი", - განაცხადა ზვიად ჭუნაშვილმა.