საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდადი მაჩვენებლების ფონზე, მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სკოლების შესახებ ჯერ არ უმსჯელია, თუმცა სასწავლო დაწესებულებების დახურვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება.
„სკოლებთან დაკავშირებით ჯერ საბჭოს არ უმსჯელია. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი ბავშვების განათლება და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ლოკალურად ისე იმართოს თითოეულ შემთხვევა, რომ სკოლების დახურვა საჭირო გახდეს ყველაზე ბოლო ეტაპზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 419 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307 პირი. 2021 წლის 15 თებერვლიდან ქვეყნის ყველა რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გახსნილია და ეპიდემიის მართვა წერტილოვანი შეზღუდვებით მიმდინარეობს.