გზაზე მეწყერი ჩამოწვა

2021-03-26 11:05:34

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ სავტომობილო გზაზე, სოფელ დუზსთან (91 კილომეტრი) მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია.

მეწყრული პროცესების ამსახველ ფოტო და ვიდეო-მასალას ადგილობრივი მცხოვრები ლაშა პაკელიანი ავრცელებს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟლიანის განცხადებით, ადგილზე სამუშაოდ მძიმე ტექნიკა უკვე მობილიზებულია.

კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ჩამოწოლილი კლდოვანი მასის მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, დღეს ვერ მოესწროს გზის გახსნა.

„ამას ყველანაირი ტექნიკა ვერ გაწმენდს. დიდი ზომის ლოდებია. უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და დაიწყებენ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასაა და დრო სჭირდება. ხაიშის და ჭუბერის გარდა, ზედა სოფლები არის ჩაკეტილი. ანუ მესტია-ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობა არის ჩაკეტილი“,- განაცხადა მესტიის მერმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფ.დიზი) მონაკვეთზე.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.