რუსთავში ვაქცინაცია განახლდა

2021-03-24 17:20:04

რუსთავში ვაქცინაციის პროცესი ხვალიდან, 25 მარტიდან განახლდება. ამის შესახებ ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ბეგაშვილმა აღნიშნა, ამცრელი პუნქტი ამჯერად "კლინიკა რუსთავში" იქნება განთავსებული, მალე კი, პროცესში ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოც ჩაერთვება.

"კლინიკა რუსთავმა გაიარა უკვე რეგისტრაცია. ჩვენი სპეციალისტების თანდასწრებითაც მოხდა მონიტორინგი. ამცრელი პუნქტი იქნება განთავსებული ისეთ სტაციონარში, სადაც ამცრელ ოთახსა და რეანიმაციას შორის დაშორება 10 მეტრია.

ამასთან, ჩვენი სპეციალიდტები გასულები არიან ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, მიმდინარეობს მოწყობის პროცესზე დაკვირვება. აქაც, ცალსახად, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნაც და ჩვენი ადგილზე გაწეული რეკომენდაციაც რეანიმაციასთან მაქსიმალურ სიახლოვეს გულისხმობს. შესაძლოა, პირდაპირ ემერჯენსში მოეწყოს ამცრელი ოთახი. იქნება აღჭურვილი პირველადი დახმარების ანტიშოკური თუ ანტიალერგიული საშუალებებით. ჯამში, რუსთავში გვექნება 2 ამცრელი დაწესებულება", - აცხადებს დავით ბეგაშვილმა.

ამასთან, ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხვალიდან ვაქცინაციაში 65 წელს ზევით მოქალაქეები ჩაერთვებიან. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის აცრის გაკეთება როგორც ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, ისე ამცრელ პუნქტში პირდაპირი ვიზიტითაც იქნება შესაძლებელი.

"გაფართოვდა ვაქცინაციის მოცვის ჯგუფი. გარდა ექიმებისა, ხვალინდელი დღიდან, უფლება ექნებათ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან 65 წელს ზევით მოქალაქეები. ამისთვის საჭირო იქნება შესაბამის საიტზე რეგისტრაცია ან პირდაპირ მისვლა ამცრელ დაწესებულებაში, სადაც მოხდება მათი რეგისტრაციაც და აცრაც", - განაცხადა ბეგაშვილმა.

ბეგაშვილის თქმით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინით უკვე აიცრა და თავს კარგად გრძნობს. ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი ვაქცინაციაა.

შეგახსენებთ, რუსთავში ამცრელი პუნქტები თავდაპირველად N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში მოეწყო, თუმცა აცრის გაკეთების შემდეგ ექთნის გარდაცვალების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაეგრძელებინა. ამ მიზეზით, დიაგნოსტიკურ ცენტრებში პროცესი შეჩერდა და ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში კოვიდ19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია არ მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, რუსთავში სამედიცინო სფეროს 90 წარმომადგენელია აცრილი.

ქალაქს, ჯამში, 1 400 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა გადმოეცა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები