გერმანიაში მკაცრი "ლოქდაუნი" გამოცხადდება

2021-03-23 17:09:08

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანა 5-დღიან მკაცრ "ლოქდაუნს"  სააღდგომოდ გამოაცხადებს; მიზანი კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების პრევენციაა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მერკელის თქმით, გერმანიაში ყველა ტიპის მაღაზია 1 აპრილიდან 5 აპრილამდე დაიხურება, 3 აპრილს გამონაკლისის სახით კი მხოლოდ სასურსათო მაღაზიები იმუშავებენ.

ამასთან, აღდგომის დღესასწაულზე ორი სხვადასხვა ოჯახიდან 5 ადამიანზე მეტი პირის შეკრება აიკრძალება.

მერკელმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან. კანცლერის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სერიოზულია.

გერმანიაში გასული დღეების განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 7,485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 250 პირი.

შეგახსენებთ, გერმანიაში ე.წ. წერტილოვანი კარანტინი 2020 წლის 16 დეკემბრის შემდეგ მოქმედებს.