მთავრობის ახალი პროგრამა

2021-03-21 13:32:56

ემიგრაციიდან დაბრუნებულ 200 მოქალაქეს 4000-4000 ლარით დააფინანსებენ. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

„პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემას, პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა არაუმეტეს 4000 ლარს შეადგენს.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება“ - აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქეყნებულ ინფორმაციაში.