რუსთავში აქციის ორგანიზატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2021-03-20 19:31:37

რუსთაველი ადვოკატისა და სამოქალაქო აქტივისტის, ერეკლე დოლიძის განცხადებით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც დოლიძემ "ინფო რუსთავს" უამბო, შემთხვევა ტაშკენტის ქუჩაზე მოხდა.

მისი თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი სამოქალაქო აქტივიზმის, უფრო კონკრეტულად კი, ბოლო პერიოდში საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დაორგანიზების გამო გახდა.

"ერთი პიროვნება მომიახლოვდა, მითხრა, რომ შენ აქციის ორგანიზატორი არ ხარო, კი, ერეკლე გახლავართთქო და სახეში დამარტყა. შემდგომ გამოვიქეცი საშველად, შემოვვარდი უბანში დახმარება რომ მეთხოვა, დამეწია დაახლოებით 9 პიროვნება, წამაქციეს და ყველა ერთად მცემდა. მცემეს და გაიქცნენ. სპორტული აღნაგობის ბიჭები იყვნენ.

იდენტიფიცირება რომ მოახდინეს ნამდვილად მე ვიყავი ერეკლე, რომელიც აქციის ორგანიზატორი იყო საწვავის ფასის მატებასთან დაკავშირებით, შემდეგ მცემეს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ვისაც არ აწყობს აქციების გამართვა, შესაბამისად იმათი მხრიდანაა მოგზავნილი ეს ხალხი, რომ დამაშინონ და ამ აქციებში მონაწილეობა აღარ მივიღო", - განაცხადა დოლიძემ.

ერეკლე დოლიძის თქმით, საქმეზე უკვე დაიწყო გამოძება.

დოლიძეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები