"კომენდანტის საათი ამ ზეიმის აღნიშვნას ხელს არ უშლის"

2021-03-20 17:59:57

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა და განაცხადა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ეს დღესასწაული ტრადიციისამებრ ვეღარ აღინიშნება.

რეხვიაშვილმა ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ამ ფაქტს გაგებით ეკიდებიან.

"გულითადად ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს გაზაფხულის ერთ-ერთ ულამაზეს დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს. მე მინდა ყველას წარმატება, განსაკუთრებული წინსვლა და დღეგრძელობა ვუსურვო. ჩვენ ტრადიციულად ძალიან ფართომასშტაბიანი დღესასწაულები გვაქვს მხარეში, ნოვრუზ ბაირამის აღსანშნავად, თუმცა მეორე წელია, პანდემიისა და მოქმედი რეგულაციების გამო, ეს ვერ ხერხდება. ძალიან კარგად ახსოვს ყველას, რომ ამ დღესასწაულს ქვეყნის პირველ პირებთან ერთად აღვნიშნავთ. მე მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ჩვენს ადგილორბივ მოსახლეობასთან, ისინი სრულად აცნიბიერებენ ამ გამოწვევას, ამიტომაც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და სახელმწიფოებრივი მიდგომის გამო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო", - განაცხადა რეხვიაშვილმა.

"ინფო რუსთავმა" რეხვიაშვილს ჰკითხა, რამდენად სამართლიანად მიაჩნია მას, რომ ნოვრუზ ბაირამზე კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით ეთნიკურად აზერბაიჯანელების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გადაადგილებაზე შეზღუდვა გაუქმდა ფეხბურთის მატჩის გულშემატკივართათვის.

როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, ეს ძალიან ცუდი შედარებაა.

"ძალიან ცუდი შედარებაა იმიტომ, რომ ფეხბურთის მატჩზე და სპორტულ ღონისძიებებზე არის გათვლილი ყველაფერი და იმ მასშტაბის აუდიტორიიდან 30%-ია დაშვებული, რაც განლაგდება შესაბამისად და სახალხო დღესასწაულის, აი ამ მასშტაბური ჩატარების რისკი ძალიან დიდია იმიტომ, რომ მინიმუმ 200 000 ადამიანი შესაძლოა იყოს ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში. ამ ზეიმის ამ მასშტაბით ჩატარების ფონზე შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი სირთულეები და გამოწვევბი შეიქმნას. ამიტომ აქ არაფერი არ არის ტრაგიკული, 9 საათამდე სრულად შეუძლიათ ადამიანებს მიულოცონ, იზეიმონ, აღნიშნონ, და შემდეგ უკვე საღამოს რეგულაცია კომენდანტის საათი ამ ზეიმის აღნიშვნის არავითარ ხელს არ უშლის", - განაცხადა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 1 დღით კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვდნენ, რაც მთავრობამ არ დააკმაყოფილა. ფაქტს განსაკუთრებული უკმაყოფილება მას შემდეგ მოჰყვა, რაც გაირკვა, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს ფეხბურთის მატჩის მაყურებლისთვის, რომელიც 27 მარტს გაიმართება.



 

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები