27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი განცხადებით, შესაძლოა ნებისმიერ დროს შემთხვევა ფატალურად დასრულდეს.
“მინდა გითხრათ, რომ ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ დადებითი ეფექტი კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით”,– თქვა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანმა ახალციხის კლინიკა "იმედში" Astrazeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაციიდან ნახევარ საათში ახალგაზრდას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და მალევე ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.