კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა

2021-03-18 17:43:20

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.

"გამოვნინდა ვაქცინაციის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია"- განაცხადა გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

"მინდა შეგატყობინოთ ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციის, გართულების შესახებ. მოგეხსენებათ, არც ერთი წამალი არ არის დაზღვეული გვერდითი მოვლენებისგან. ზოგადად, ვაქცინებზე არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და სერიოზული გვერდითი მოქმედებები.

ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც სწრაფად ვითარდება, ეს არის ანაფილაქსიური შოკი 15-30 წუთში. ის შეიძლება წავიდეს მსუბუქად, მაგრამ შეიძლება დამთავრდეს ფატალურადაც. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება გახლავთ ანაფილაქსიური შოკი. ყველა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას აქვს გვერდითი მოქმედებები - ბევრად უფრო ხშირი, ვიდრე კალენდარულ, ანუ რუტინულ ვაქცინებს.

ამ ტიპის გამოვლინებები არის დაახლოებით 10-50% შემთხვევაში. ანაფილაქსიური გამოვლენები შედარებით იშვიათია.

ამ 3 დღის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ 3365 აცრა, ანაფილაქსიური გვერდითი მოქმედება იყო მხოლოდ 4. დღეს ახალციხეში, „იმედის კლინიკაში“, სადაც უკვე 16 ადამიანია აცრილი, 12:15 საათზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი. ის სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და არ ჰქონდა ალერგიული რეაცქციები. აცრის შემდეგ მან ერთ-ერთ არხს მისცა ინტერვიუ და მოუწოდა კოლეგებს ვაქცინირებისკენ.

30 წუთში მასთან განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც ის ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. ამჟამად ავადმყოფი თბილისში ჩამოჰყავთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.