"ნიკა, გამაგრდი, შენთან ვართ" [photo]

2021-03-17 18:03:54

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული მორიგი აქცია გაიმართა. ამ ფორმით ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მხარდამჭერებმა სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეები საავტომობილო კოლონებით თბილისიდან, რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და მხარდამჭერი მსვლელობა რუსთავის ციხესთან დაასრულეს, იქ, სადაც მელია სასჯელს უკვე მე-3 კვირაა იხდის.

ციხესთან შეკრებილები მელიას შეძახილებით:"ნიკა, მეგობარო, შენთავ ვართ", "გამაგრდი", "ნიკა, როგორ ხარ?", "შენ სინდისის პატიმარი ხარ" მიმართავდნენ.

შეძახილების საპასუხოდ პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მიესალმა.

აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ, ასევე სახეზე ეკეთათ ნაჭრები წარწერით: ,,Freedom for fox - თავისუფლება მელიას”.

როგორც "ინფო რუსთავს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, ოპოზიციასა  და ქართულ ოცნებას შორის მოლაპარაკებების გარკვეული შედეგით დასამთავრებლად, აუცილებელია, პოლიტიკური პატიმრები - ნიკა მელია და გიორგი რურუა გათავისუფლდნენ.

აქციის დასრულებისას აქტივისტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები