საპატრიარქო ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თხოვნას, წმინდა სინოდი ექიმებს ვაქცინაციის პროცესში გვერდში დაუდგნენ, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ფეისბუქ პოსტით პასუხობს.
დეკანოზი ჯაღმაიძე წერს, რომ ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში.
"ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია:
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.
ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა," - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
გამყრელიძემ წმინდა სინოდს შესაბამისი თხოვნით გუშინ მიმართა.